სახალხო დამცველის აპარატი, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ყველანაირი სიტუაციისთვის მზადყოფნის ზოგადი ნებართვა.
დოკუმენტში წერია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მსროლელებმა რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს.
„შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) მსროლელები მიუთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ყველანაირი სიტუაციისთვის მზადყოფნის ზოგადი ნებართვა. განმარტეს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს ინდივიდუალურად, კონკრეტული საფრთხის შეფასების შედეგად. ასევე, მსროლელებმა მიუთითეს, რომ ტყვიების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენების შეწყვეტის ბრძანება არ გაუციათ.
აქციის დაშლისას, რამდენიმე საათის – დაახლოებით 00:00 საათიდან 04:30 საათამდე – განმავლობაში, გდდ-სა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა გამოიყენა 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი. შსს მინისტრის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასროლილ იქნა დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.










