თბილისის ისეთ დასახლებებს, როგორიცაა შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, ბეთანია და კვესეთი წლების მანძილზე სასმელი წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდებოდა. 2018-2020 წლებში ჯივიპიმ ამ ტერიტორიებზე ახალი სისტემები მოაწყო და მოსახლეობა 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყო, – აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ყველა რაიონში, 400-ზე მეტ ქუჩაზე 250 კმ წყალსადენისა და წყალარინების ქსელი განახლდა. რეაბილიტაცია ჩატარდა ჭავჭავაძის გამზირზე, კახეთის გზატკეცილზე, ვეკუა-ხიზანიშვილის, შარტავას, კანდელაკი-ბუდაპეშტის და სხვა ქუჩებზე.
„კომპანიამ 2018-2020 წლებში ჯამში 300 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა – შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა დაზიანებები და წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ზრუნვას მომდევნო წლებშიც გააგრძელებს“ – ვკითხულობთ განცხადებაში.











