საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2020 წელს არასრულწლოვნების მიმართ გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა.
როგორც მან საპროკურორო საბჭოს სხდომაზე 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, 2020 წელს 195 არასრულწლოვნის მიმართ გამოიტანეს გნაჩენი, საპროცესო შეთანხმებების წილი არასრულწლოვნების მიმართ გამოტანილ განაჩენში კი 59.2%-ს შეადგენს.
„რაც შეეხება არასრუწლოვანთა მიმართ გამოტანილ განაჩენს, 2020 წელს 195 არასრულწლოვნის მიმართ იქნა გამოტანილი განაჩენი. საპროცესო შეთანხმებების წილი არასრულწლოვნების მიმართ გამოტანილ განაჩენში შეადგენს 59.2%-ს. რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენებს, 2020 წელს არასრულწლონების მიმართ გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა 2019 წლისგან განსხვავებით, როდესაც 10 არასრულწლოვნის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვა, რომ გენერალური პროკურატურის ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება არასრულწლოვანთა ბრალდებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. არასრულწლოვნების მიმართ პროკურორების მხრიდან სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიმართულებით სტანდარტი ძალიან მაღალია. 2016-2019 წლებში არასრუწლოვანთა მიმართ საპროცესო შეთანხმების პირობად ნაკლებად იქნა გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა შოთაძემ.
მისი თქმით, 2020 წელი საკმაოდ აქტიური იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართებით, რადგან მნიშვნელოვანი კვლევები განხორციელდა და გამოქვეყნდა განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი.











