“ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა საქართველოსა და ბერლინის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას (ITB) შორის!
საქართველო წელს უკვე წარმოდგენილია როგორც პარტნიორი ქვეყანა სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით (ონლაინ) გამოფენაზე „ITB Berlin NOW“, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება ბუნების დაცვასა და მდგრადობაზე” – ინფორმაციას გერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
წყარო იუწყება, რომ 2022 წელს, საქართველო, როგორც ოფიციალური კულტურული ტურიზმის დანიშნულების ქვეყანა, გამოფენაზე, რომელსაც 1966 წლიდან, მსოფლიო მასშტაბით წამყვანი როლი უჭირავს, ფართო საზოგადოებას თავის კულტურულ საგანძურს წარუდგენს.
2023 წელს კი, ბერლინის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, უკვე ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენაზე თავს ქვეყნებთან ერთად, ქალაქები და რეგიონები, ტურისტული ბიუროები, სასტუმროები და ტურისტული სექტორის კიდევ არაერთი სხვა წარმომადგენელიც წარადგენს.
„საქართველო ქმნის კულტურულ ხიდს ევროპასა და აზიას შორის და იგი ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რომლის ტურისტული სპექტრი მოგზაურთა სურვილებს მრავალი მიმართულებით აკმაყოფილებს. მოხარულები ვართ, რომ საქართველო ასეთ გრძელვადიან პარტნიორობას გვთავაზობს“, – განაცხადა ITB-ბერლინის ხელმძღვანელმა დავიდ რუეცმა.











