მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი დღეს, 22:00 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დარჩება. ის მთავრობის ინიციატივით დაწესებულ შეზღუდვას – კომენდანტის საათის შემოღებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დაჯარიმების შემთხვევაში, არც ჯარიმას გადაიხდის.
“22:00 საათის შემდეგ აქციაზე ვრჩები, მე არ ვემორჩილები შეზღუდვას. თუმცა სხვებს ამისკენ არ მოვუწოდებ. ეს ის საკითხია, რომელიც ინდივიდუალურად უნდა იქნეს მიღებული. მე კანონს პატივს ვცემ, მაგრამ არ ვარ კანონმორჩილი. ჯერ კანონს პატივს უნდა სცემდე და მერე უნდა ემორჩილებოდე.
ეს შეზღუდვა მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილებით და არა პანდემიის გავრცელების პრევენციის გამო. დაჯარიმების შემთხვევაში კი, არც ჯარიმის გადახდას ვაპირებ” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
დღეს, 9 ნოემბერს პარლამენტის წინ ორი აქციაა დაგეგმილი. 6 საათზე ოპოზიცია მართავს აქციას, ხოლო 10 საათზე მოძრაობა სირცხვილიას აქცია “დაუმორჩილებლობა” დაიწყება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.











