31 ოქტომბერს ადამიანებმა ივანიშვილს მისცეს ხმა და ხელში შერჩათ კობახიძე და ხუნდაძე, – ასე ეხმაურება “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან ხელმეორედ წასვლას.
ბურჯანაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა საკუთარი ამომრჩევლის მიმართ უსინდისო გადაწყვეტილებაა.
„დიდი ხანია ვიცოდით, რომ მსგავსი წერილი უნდა გამოქვეყნებულიყო. მე პირადად, ეს არჩევნების პერიოდშიც ვიცოდი და ამაზე საუბარი იყო. ველოდი, უბრალოდ, დრო ზუსტად არ ვიცოდი. ამ წერილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის სიყალბე, რომელშიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის გამო ვცხოვრობთ. ახლა, ძალიან მინდა შევხედო იმ ადამიანებს, ვინც 31 ოქტომბერს ხმას ბიძინა ივანიშვილს აძლევდა. არა ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, მაჟორიტარების „ამჯანყებელს“ დიმიტი ხუნდაძეს, არამედ ბიძინა ივანიშვილს აძლევდა ხმას. ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილმა ხომ მოატყუა? მან ხომ იცოდა, რომ ამ ნიბიჯის გადადგმას აპირებდა და ელჩებს პირდებოდა კიდეც, რომ ახლა არჩევნებს ჩავატარებ და მერე წავალო. ამ ადამიანებს, რატომ არ უთხრა, რომ ის არჩევნების შემდეგ წასვლას აპირებდა. ეს არ არის ტყუილი?! არ არის სიყალბე, როდესაც 31 ოქტომბერს ადამიანებმა ივანიშვილს მისცეს ხმა და ხელში შერჩათ კობახიძე და ხუნდაძე? ეს არის ტყუილი და ძალიან უსინდისო ნაბიჯი საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“.











