ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაახლოებით, 42 ათასი კომპანია 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვე საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათით ისარგებლებს.
„2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათი. (დამქირავებელი უფლებამოსილია, არ გადაიხადოს ბიუჯეტში დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარი ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება). აქ ნავარაუდევია 42 ათას კომპანიაში დასაქმებული 550 ათასი პირი, ხოლო სავარაუდო თანხა 250 მილიონი ლარია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ასევე 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის ლიზინგის მომსახურების დღგ-ს დაბეგვრის შესაძლებლობა, შესაბამისი თანხის ფაქტობრივი გადახდის პერიოდში. „რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურად გადახდილი თანხის მიხედვით მოხდება დღგ-ს გადახდა და დეკლარირება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ლიზინგის სფერო და ვინც იჯარის ბიზნესითაა დაკავებული ითხოვდა ახალი დაბეგვრის მოდელის გადავადებას, რომელიც დარიცხვის მეთოდზეა აგებული. შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ეს შეღავათი 6 თვით დაწესდეს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.









