საბერძნეთში, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.
საბერძნეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ 100 ევროს ოდენობის ჯარიმას დაუწესებენ 60 წელზე უფროსი ასაკის პირებს, რომლებიც ვაქცინას არ გაიკეთებენ.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობით, 11-მილიონიანი მოსახლეობის 63%-ია სრულად აცრილი. მათივე მონაცემებით, ამჟამად 60 წელზე უფროსი ასაკის 520 ათასზე მეტ ადამიანს არ გაუკეთებია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე და ამიტომ, მათი ვაქცინაცია ამიერიდან სავალდებულო იქნება. 60 წელზე უფროსი ასაკის პირებმა იანვრის შუა რიცხვებამდე უნდა მიიღონ ვაქცინის პირველი დოზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ყოველთვიურად 100 ევროს ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევთ“, – აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.











