მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 დეკემბრიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასური ნახევრდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საშეღავათო პერიოდი 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაქონლო ნიშნის, რომელიც არის ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ობიექტი, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50%-იანი შეღავათი, რომლითაც ყველა განმცხადებელი ისარგებლებს, რომელიც უწყებას ელექტრონულად მომართავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. საშეღავათო პერიოდი კი 7 დეკემბრიდან დაიწყება და 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინიციატივის ღირებულება 405 000 ლარია, რომელიც კერძო სექტორში დარჩება“,- განაცხადა მინდია დავითაძემ.











