9 აპრილის მემორიალთან საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მივიდა.
„9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში. დღე, რომელმაც დასაბამი მისცა ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის, რადგანაც საქართველო კვლავ ოკუპირებულია და ჩვენი ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ საქართველო იყოს სრულყოფილად ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში.
მართლაც ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, ვინც თავი გაწირა და შეეწირა ამ ბრძოლას. ჩვენი ქვეყნის და ერის ვალია მათი ხსოვნის წინაშე, რომ ვიყოთ გაერთიანებული, კონსოლიდირებული. როგორც არასდროს, ისე იყო კონსოლიდირებული 9 აპრილს ჩვენი ერი და საქართველოს ისტორიაში მართლაც იშვიათია ისეთი მომენტები, როდესაც ერი ასეთი გაერთიანებულია.
სწორედ დღეს გვაკლია ჩვენ ეს ერთობა, გაერთიანება და კონსოლოდაცია იმ სერიოზული გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა: ოკუპაცია, პანდემიასთან ბრძოლა, ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან გამკლავება. სწორედ ეს არის სერიოზული გამოწვევები, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნის წინაშე და როგორც არასდროს ისე გვჭირდება გაერთიანება“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.











