“თუ ივანიშვილი ძალას დაინახავს მაგ შემთხვევაში, მელიასაც და რურუასაც გამოუშვებს. მოლაპარაკების მაგიდასთანაც დასხდებიან და სერიოზულად წავლენ დათმობაზე, მაგრამ მანამდე სანამ ეს არ არი, უბრალოდ ამ ადამიანის ხუშტურებზე ვართ დამოკიდებული.”, – ასე ეხმაურება “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სასამართლოს მიერ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას.
ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული.
„ნიკა მელიას გათავისუფლების მოლოდინი არ მქონდა და ყველგან ვამბობდი, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს მოსალოდნელი. ზოგადად რთულია პროგნოზის გაკეთება ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში, იმიტომ რომ გადაწყვეტილებას არ იღებენ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან „ოცნების“ სახელით და სხვადასხვა განცხადებებს აკეთებენ, ამიტომ მსჯელობა ძალიან რთულია.
გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი, ამ შემთხვევაში ივანიშვილი და რთულად ამოსაცნობია, როგორ და რანაირად იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს.
პროცესი არის ასეთი, რომ ჩიხში ვართ შესული. ყველა იმ პრობლემას, რომელიც ქვეყანაში არსებობს და პირველ რიგში ეკონომიკური ხასიათის პრობლემები და ზემოდან დამატებულია პოლიტიკური კრიზისი, საიდანაც გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს მოლაპარაკების მაგიდასთან. მაგრამ ამ შემთხვევაში მაგიდასთან ზის ერთი მხარე „ქართული ოცნება“, რომელიც სიტუაციას უყურებს სხვანაირი გადმოსახედიდან. ივანიშვილია ერთ მხარეს და მისი წარმომადგენლები, რომელთაც ესმით ძალის ენა და ამ პროცესში ისინი არაფერს არ დათმობენ, სანამ ძალით არ დაათმობინებ.
თუ ივანიშვილი ძალას დაინახავს მაგ შემთხვევაში, მელიასაც და რურუასაც გამოუშვებს. მოლაპარაკების მაგიდასთანაც დასხდებიან და სერიოზულად წავლენ დათმობაზე, მაგრამ მანამდე სანამ ეს არ არი, უბრალოდ ამ ადამიანის ხუშტურებზე ვართ დამოკიდებული.
კობახიძის ამერიკაში წასვლა ეს არ არის ის, რომ იქ ამერიკელებისაგან მოისმინოს პრეტენზიები, შემდეგ ჩამოვიდეს და გაითვალისწინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წუხილი. არამედ ის წასულია იმისათვის, რომ როგორც აქ საჯაროდ „კაჩაობს“, იქაც ასევე იკაჩაოს და პარტნიორებს აუხსნას როგორი ცუდია ოპოზიცია, რომ ოპოზიცია რუსეთის ინტერესებს ატერებს და ა.შ. გიჟობების მწყობრი ლოგიკა აქვს.
ოპონენტების დასუსტება და ჯამში მოდრეკა, გატეხა სურთ, მათში არ არის იოტისოდენა გულწრფელი სურვილი რომ ქვეყანაში რამე გაუმჯობესდეს. სხვანაირი ხალხია, იმან ეგეთი ხალხი დაიტოვა და შემოიკრიბა გარშემო, ვისაც სინდისი გააჩნდა ყველა ჩამოშორდა“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კვლავ პატიმრობაში რჩება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.
პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ერთადერთი ღონისძიება, რომელმაც შეიძლება აღკვეთის ღონისძიების მიზნები უზრუნველყოს, არის პატიმრობა და ის ძალაში უნდა დარჩეს. პროკურორის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, დაცვის მხარე თანახმა იქნება, გირაოს შესახებ შეთავაზება შესრულდეს, პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს.
დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო.










