“თქვენი მადლობელი ვარ ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, რაც ასევე ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიხატება”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ნება მომეცით, გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გააქტიურებულია და ხორციელდება არაერთი ვიზიტი კიევიდან თბილისში და პირიქით. ამრიგად ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ნიშნულზე ადის. პრეზიდენტმა ასევე დამაბარა, რომ ის მზად არის, უახლოეს მომავალში ჩამოვიდეს თქვენთან კიევში ოფიციალური ვიზიტით, რასაც აქამდე ხელს კოვიდ პანდემია უშლიდა და, რაღა თქმა უნდა, ჩვენ გელით საქართველოში.
ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმ იდეის კუთხით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და ევროინტეგრაციის საკითხებს ეთმობა. ის ასევე ასოცირებული ტრიოს ლიდერებს უმასპინძლებს. ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განსამტკიცებლად მშვენიერი შესაძლებლობა იქნება, რათა შევძლოთ ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევა – ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ვიზიტით კიევში იმყოფება.











