უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია უარს ამბობს საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება აბსურდული იყო.
„პირველ რიგში, კარგია, რომ ეს ხელოვნური კრიზისი და საბოტაჟი ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ დასრულებულია. ეს შესაძლებელი გახდა მიშელის მედიაციით და მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება იყო სრულიად უსაფუძვლო და შექმილი იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარათ გარკვეულ დესტრუქციულ ძალებს არჩევნებისა და ჩვენი დემოკრატიისთვის. აქ დაისვა წერტილი და ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული. რაც შეეხება ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინსტრუმენტებს, გახსოვთ, რომ ჩვენ შევთავაზეთ გადათვლა, რაზეც უარი მივიღეთ. შევთავაზეთ პარალელური დათვლის შედეგების შედარება ცესკოს შედეგებთან, ამაზეც მივიღეთ უარი. შევთავაზეთ სრულად და სრულფასოვნად გამოძიება ყველა იმ საჩივრის, რაც ოპოზიციას ჰქონდა, ამაზეც ოპოზიციის ნაწილმა თქვა უარი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უარი პრაქტიკულად ნიშნავს აღიარებას, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, სამართლიანად. ეს მართლაც ასე იყო, რაც აღიარა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც. დღეს რომ ოპოზიცია უარს ამბობს იმ ბრალდების შეფასებასა და გამოძიებაზე, რომელიც მათ ჰქონდათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება აბსურდული იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ასევე ნახეთ: პრეზიდენტი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ მიღწეულ კონსენსუსს მიესალმება











