თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ვატო შაქარიშვილი, დედაქალაქის მერის ინიციატივას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
საუბარია პოლიკლინიკების პრივატიზაციაზე. შაქარიშვილი თვლის, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროს სრულად კომერციალიზაციას.
„დღეს ჯანდაცვის სფერო მისი ყველა მიმართულებით ეს იქნება კლინიკები, სადაზღვეო კომპანიები, ფარმაცევტული კომპანიები და ა.შ მოქცეულია სულ რამდენიმე ბიზნეს ჯგუფის ხელში. მათ შორის კი დომინირებს კომპანია „ევექსი“, რომელიც არის საქართველოს ბანკის კორპორაციის შემადგენლობაში, რაც თავშივე დაუშვებელია რადგან ბანკებს ეზღუდებათ არაპროფილურ ბიზნესში ოპერირება. ეს პრინციპი თვალსაჩინოდ ირღვევა საქართველოს ბანკის შემთხვევაში, როდესაც ის ერთდროულად ფლობს და მართავს ფარმაცევტულ კომპანიებს, სადაზღვეო კომპანიებს და ამავდროულად კლინიკებს.
ამ ფონზე, ნაცვლად იმისა რომ სახელმწიფო მოტივირებული იყოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდაზე და ხარისხის გაუმჯობესებაზე, მერის გადაწყვეტილებით დამატებით უნდა მოხდეს მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზება, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროს სრულად კომერციალიზაციას.
მოსახლეობა ვეღარ ანსხვავებს ბანკში მიდიან თუ ჯანდაცვის დაწესებულებაში, რადგან ყველგან ჭარბობს ფინანსები და ათასგვარი ქაღალდები, ამაზე საუბრობენ და წუხან ჩვენი ექიმებიც. პირველადი ჯანდაცვის როლი კი უმნიშვნელოვანესია და ეს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მსოფლიოში კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში“,- აცხადებს ვატო შაქარიშვილი.
ცნობისთვის, დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციისთვის აუქციონი გამოცხადდება.











