ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 0.3%-ია. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აცრილ პაციენტებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
“ორჯერ ვაქცინირებული პირებიდან ინფექცია განვითარდა 0.3%-ში, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო პერიოდში ისმის შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა აზრი აქვს აცრას, თუკი მაინც ინფიცირდება ადამიანი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ინფექციისგან 100%-ით არცერთი ვაქცინა არ გვიცავს. ინფიცირება დადგება იშვიათ შემთხვევაში, მაგალითად ფაიზერის დროს ეს არის 10%-ზე ნაკლები, სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს 15-დან 20%-მდე. თუმცა, შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. დღეს საქართველოში კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 5.3 %-ია.
13 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 310 332 აცრა. სრულად ვაქცინირებული კი 120 479 ადამიანია.











