სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ სტატია სახელწოდებით, „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, შეკვეთილია, – ამის შესახებ BBC-ის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.
საუბარია პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის 7 ივლისის განცხადებაზე, რომ BBC-ზე უკვეთავენ სტატიებს, როგორ გადაარჩინა ქვეყანა სამმა მუშკეტერმა“.
„სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ ეს სტატია შეკვეთილია. მართალია, ვებგვერდ BBC.COM-ზე რეკლამა ქვეყნდება, თუმცა „ბიბისი ნიუსი” და მიმდინარე ამბები ვერ იქნება დასპონსორებული. ჩვენ არ ვიღებთ პოლიტიკურ რეკლამას. ისევე როგორც „ბიბისი ნიუსის” მთელი კონტენტი, ეს სტატია არის ჟურნალისტიკის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ნაწილი, რომელიც შეესაბამება ჩვენს მტკიცე სარედაქციო წესებს”, – აცხადებენ „ბიბისის“ პრესსამსახურში.
ბრიტანულმა მაუწყებელმა BBC-იმ ქართველი ეპიდემიოლოგების შესახებ გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო მოხვდა 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრების გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა დაიმსახურეს დიდი პატივისცემა. სამეულში შედიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე, რომელიც თბილისის ინფექციურ დაავადებათა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ხელმძღვანელობს.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
ქართველი „სამი მუშკეტერი“ – BBC ქართველი ინფექციონისტების წარმატებაზე წერს











