“საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსა და ბელორუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა ღირებულებებს ირჩევს “ქართული ოცნება” და რა არის მისი ნამდვილი საგარეო კურსი”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
“ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ აქტიურად ითანამშრომლოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღებული “შარლ მიშელის შეთანხმება” და დაადგეს დასავლური ღირებულებების მხარდჭერის და განხორციელების გზას, საქართველოს ხელისუფლება ახალ ხელშეკრულებას უფორმებს ლუკაშენკოს რეჟიმს, რომელიც სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ შეფასებულია, როგორც სახელმწიფო ტერორიზმში ჩართული ავტოკრატიული რეჟიმი. დღეს როდესაც აშშ, ევროპული კავშირი და ცივილიზებული მსოფლიო რადიკალურად ამცირებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებს ლუკაშენკოს ბელორუსთან, საქართველო ახალი ტიპის, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ურთიერთობას ამჯობინებს.
გარდა იმისა, რომ ეს წარმოადგენს საქართველოს მიერ არადემოკრატიული რეჟიმის ლეგიტიმაციას, ეს ქმედება პირდაპირ წინაღმდეგობაშია ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ დეკლარირებულ ფასეულობებთან და მათ მიერ მხარდაჭერილ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზასთან.დღეს ლუკაშენკოს ბელორუსს ერთადერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰყავს და ეს არის რუსეთის ფედერაცია. საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯი პირდაპირ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” გზაც ეს არის პუტინის და ლუკაშენკოს გზა და არა ევროპული კავშირის და დემოკრატიული პროგრესის გზა.
ეს ხელისუფლება ყველა ძალას ხმარობს იმისათვის, რომ საქართველო იზოლირდეს ცივილიზებული მსოფლიოდან. რუსეთის სასიკეთოდ, მათ ჩააგდეს ანაკლიის პროექტი. რუსეთის სასიკეთოდ, მათ დატოვეს ევროკავშირის მიშელის შეთანხმება. რუსეთის სასიკეთოდ, ისინი შეგნებულად ებრძვიან იმ კრიტიკულ რეფორმებს მართლმსაჯულების და დემოკრატიის მიმართულებით რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს წინსვლისთვის. ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, რომელიცაა საქართველოს იზოლაცია, ჩვენი ქვეყნის ამოგლეჯა ცივილიზებულ ერთა ცხოვრებიდან და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის მოსპობა“, – განაცხადა გეგელიამ.









