“ვოლსკის თურმე არ ჰგონებია, რომ 7 პარლამენტარის განცხადება საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებზე იმოქმედებს. ბატონ ვოლსკის მინდა ვურჩიო, ევროპარლამენტარებზე უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე, Google ან Wikipedia გამოიყენოს”,- ამის შესახებ ”ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
სამარცხვინო და კატასტროფულია, როდესაც 2021 წელს პარლამენტარად წოდებულმა ადამიანმა იმდენიც კი არ იცის, რომ ევროპარლამენტარები ცალობით არ ითვლება. პირველ რიგში, ეს შვიდი ადამიანი წარმოადგენს ევროპული პარლამენტის ყველა დიდ ფრაქციას – EPP, S&D, Renew Europe, Greens. შესაბამისად, მათი ნება საქართველოს საკითხზე სრულიად ევროპული პარლამენტის ნებას ასახავს.
მეორეც, სწორედ ამ შვიდი ადამიანის აზრი ქმნის ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოსა და რეგიონზე. და ბოლოს, ზუსტად ეს ჯგუფი წარმოადგენს ქართული დემოკრატიის ყველაზე დიდი ქომაგებსა და მეგობრებს ბრიუსელში. თითებზე თვლას და თავის დამშვიდებას, ვოლსკის ურჩევნია შეიგნოს, რომ ამ უმნიშვნელოვანესი შვიდი ადამიანის გარდა, “ქართული ოცნება” იღებს იგივე გზავნილს ვაშინგტონიდან, ევროპული საბჭოდან, ევროპული კომისიიდან. გასაგებია, რომ “ქართული ოცნების” ინტელექტი და ფანტაზია ვერასდროს ვერ სცდებოდა სკამების ცალობით თვლას, მაგრამ ხელისუფლებას მოუწევს გაიგოს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში არ გაუვა იგივე ხრიკები, რითაც შინ ცდილობს ფონს გასვლას, რამაც საქართველო უფსკრულის პირას მიიყვანა”, – განაცხადა გეგელიამ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით,, ევროპარლამენტარების ეს პოზიცია, როცა ისინი სანქციების დაწესებით “იმუქრებიან”, გაუგებარია.











