თითქმის კვირაზე მეტია, რაც უტარ-პრადეშის შტატის (ინდოეთი) მოსახლეობას, ვირუსული ცხელება აღენიშნებათ.
BBC-ის ცნობით, დაავადებულთა უმეტესობას სახსრებისა და თავის ტკივილი, გაუწყლოება და გულისრევა აღენიშნება. ზოგიერთ მათგანს კი ფეხებსა და მკლავებზე გამონაყარი აწუხებს.
როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული სიმპტომების მქონე, სულ მცირე, 50 ადამიანი უკვე გარდაიცვალა. მათ შორის უმეტესობა ბავშვები არიან. ასობით ადამიანი კი საავადმყოფოში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთაგან არცერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი.
|რა ვიცით ინდოეთში გამოვლენილ ვირუსულ ცხელებაზე – რას ამბობენ ექიმები
ინდოეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული, შესაძლოა ე.წ. დენგეს ცხელებას უკავშირდებოდეს, რომელიც კოღოებით გადადის. მათივე თქმით, კლინიკებში გადაყვანილი პაციენტების უმეტესობას სისხლში თრომბოციტების შემცირება აღენიშნებოდა, რაც ხელს სისხლის შედედებას უწყობს და რომელიც ყველაზე მეტად დენგეს ცხელების მძიმე ფორმას ახასიათებს. თუმცა, დადასტურებით ჯერ ვერაფერს ამბობენ.
„პაციენტები, განსაკუთრებით კი ბავშვები, რომელთაც მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ, სწრაფად იღუპებიან“,- აცხადებს ფიროზაბადის რაიონის წამყვანი ექიმი, ნეეტა კულშრესტჰა. მის რაიონში ვირუსულ ცხელებას 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 32 ბავშვი იყო.
|რა ვიცით დენგეს ცხელებაზე
დენგეს ცხელება — ინფექციური გადამდები დაავადებაა, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს: დენგეს კლასიკური ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება. დაავადების გამომწვევია რნმ შემცველი არბოვირუსი, რომლის გადამტანიც კოღოები არიან. ინფექციის წყაროს კი წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი, ასევე მაიმუნები და ღამურები. დენგეს ცხელებით ეპიდემიურ კერებში უპირატესად ავადობენ ბავშვები და არაიმუნური პირები. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, განსაკუთრებით კი დაკავშირებულია წვიმიან პერიოდთან. დენგეს კლასიკური ფორმა რეგისტრირდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.
სიმპტომები:
- ძლიერი ცხელება (41 გრადუს ცელსიუსამდე);
- თავის ტკივილი;
- კუნთების, ძვლების, სახსრების ტკივილი, ტკივილი თვალებს უკან.
- შესაძლოა გამოვლინდეს: გავრცელებული გამონაყარი; გულისრევის შეგრძნება და ღებინება; იშვიათად, მცირე სისხლდენა ღრძილებიდან ან ცხვირიდან.
დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, რომელიც კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს, ჰემორაგიულის დროს 10 დღემდე. იწყება მწვავედ შემცივნებით და სხეულის ტემპერატურის მომატებით 39 °C- 41 °C–მდე, ძლიერი თავის ტკივილებით, რეტროორბიტალური მიდამოს, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით.
ისტორია
1970 წლამდე დენგეს მძიმე ფორმის ეპიდემია მხოლოდ ცხრა ქვეყანაში დაფიქსირდა. ამჟამად ეს დაავადება აფრიკის, ამერიკის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის აღმოსავლეთის და წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილის 100 ქვეყნისათვის ენდემურ დაავადებას წარმოადგენს.
2016 წლის დასაწყისში რიგ ქვეყნებში დენგეს საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა – Dengvaxia (CYD-TDV) დარეგისტრირდა, რომლის გამოყენებაც 9-დან 45 წლამდე ადამიანებს შეუძლიათ.
საქართველოში ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 2013 წელს, შემდეგ კი 2016 წელს დაფიქსირდა. ბოლნისში, 2017 წლის ივლისში დენგეს ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სოფელ ფაზისში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს გადაედო. მას დაავადების მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა და ის გამოჯანმრთელდა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge











