„მთელი მსოფლიო თუ ხედავს ჩვენს პოზიტიურ შედეგს, თქვენ რა დაგემართათ? ჩვენი საზოგადოების ნაწილი არ ხართ?“,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, ლევან კობერიძის საპასუხოდ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსგან ბევრ უცხოელ კოლეგას მიუღია რეკომენდაცია.
„კრიზისის მართვის გეგმას რა თქმა უნდა მთავრობას აქვს და საზოგადოება ამას ხედავს კიდეც. საკოორდინაციო საბჭოში დარგობრივად უწყების ხელმძღვანელებთან არაერთი ქვეყნის კოლეგას აქვს საუბარი. ისინი იღებენ რეკომენდაციებსაც, გვთხოვენ დახმარებასაც. მთელი მსოფლიო თუ ხედავს ამ პოზიტიურ შედეგს, ჩვენი მეგობარი ქვეყნები აფასებენ პოზიტიურად ჩვენს ქმედებას და ზოგიერთი მაგალითი მიაქვთ კიდეც ჩვენგან, თქვენ რა დაგემართათ კაცო? ჩვენი საზოგადოების ნაწილი არ ხართ? ამ პოზიტიურ შედეგს ნუ გადამალავთ“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძის მსგავსი რეაქცია დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის და ოპოზიციის შენიშვნებს მოჰყვა, რომელიც კორონავირუსის პანდემიას და მის სავარაუდო მეორე ტალღას ეხებოდა.











