რუსეთის მიერ დამტკიცებული Covid-19-ის ვაქცინის ეფექტურობაში ქართველ ინფექციონისტთა ნაწილს ეჭვი ეპარება. როგორც „პრაიმტაინიუსთან“ ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რუსეთის ვაქცინა, დიდი ალბათობით, არაეფექტურია და ვარგისიანად მისი გასაღება დეზინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთი მაგალითია.
„ეჭვი მაქვს, რომ ეს არის რუსეთის მორიგი დეზინფორმაცია. შეიძლება, რუსეთში მართლა რაღაც შექმნეს, მაგრამ ის არ იყოს ბოლომდე გამოცდილი, ადამიანზე დადებითად სულ არ იმოქმედოს და რაღაც საშინელებები მოახდინოს. თუ მართლა რეალურად შეიქმნა ეფექტური ვაქცინა, ჩვენ დიდი იმედებით შევხედავთ მომავალს.
თუმცა ვაქცინის შექმნა ასე მალე არ ხდება. მე ვმუშაობდი მოსკოვში და ზუსტად ვიცი, როგორ იქმნება ვაქცინა. ასე უცბად და ასე გამოუცდელად ვაქცინის შექმნა, იმიტომ რომ პირველები ვიყოთ, არ შეიძლება.
როცა დადასტურება ვაქცინის ეფექტურობა და ცნობილი გახდება, რომ იგი რეალურად მუშაობს, იცავს იმუნური სხეულების გამომუშავების თვალსაზრისით, ადამიანის ორგანიზმს, რუსეთის ვაქცინის ეფექტურობაზე მერე ვილაპარაკოთ“,- განაცხადა ხმალაძემ.
ინფორმაციისთვის, გუშინ რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ვაქცინის ეფექტურობას ყველა საჭირო ტესტირების წამატებით გავლა მოწმობს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











