ამ ეტაპზე, საქართველოში ეპიდსიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა რა გველოდება ზაფხულის ცხელ დღეებში კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრობს.
ხმალაძის განცხადებით, ზაფხულში მოქალაქეები რეგულციების დაცვას ნაკლებად შეეცდებიან, რაც ეპიდსიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს.
„ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად დაცული იქნება საქართველოში ჩამოსული ტურისტი, გადატანილი ექნება თუ არა მას ინფექცია და აცრილი იქნება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. რადგან საქართველოში გაჩნდა ახალი შტამები, მიმაჩნია, რომ ტურისტს დამატებითი სწრაფი ტესტი უნდა ჩაუტარდეს და ქვეყანაში ისე უნდა შემოვიდეს.
ტესტირება ვერ შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას, მაგრამ მას შეამცირებს. მთავარი პრობლემა ამ ქვეყნისთვის არის ის, რომ არ მოხდეს ვირუსის ძალიან სწრაფი გავრცელება.
საქართველოში პანდემია არ დასრულებულა, ცოტა მოეშვა ხალხი, ვხედავ პირბადის გარეშე მოსიარულე ადამიანებს, რაც არასასიამოვნო ფაქტია. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გამოვიყენოთ პირბადე.
მოსალოდნელია, რომ აგვისტოში ვირუსის გარკვეული მატება იქნება. თავი გავანებოთ ჩამოსულ ტურისტებს, ძალიან დიდი ბოდიში, გამიკვირდება თუ პლაჟზე ვინმე პირბადით იქნება. ძალიან ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით, ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ, იგნორირებას გაუწევს პირბადეს.
როგორ გინდა ეცეკვო ადამიანს დისტანციურად?! არსებობს ცხოვრებისეული ფაქტები, რომლებიც არახელსაყრელია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ ეს წესები უნდა დავიცვათ“,- განაცხადა ინფექციონისტმა.
შეგახსენებთ, ვირუსის გავრცელების პარალელურად, საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს, თუმცა ვაქცინაციაზე საზოგადოების მიმართვიანობა ამ დროისთვის არც თუ ისე მაღალია.











