საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის ე.წ. სამთვიანი პატიმრობის მისჯას პროვოკაციულ და დესტრუქციულ გადაწყვეტილებად აფასებს.
სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს და განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას, რათა დაკავებული მოქალაქეები დროულად და უვნებლად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს.
უწყების განცხადებით, მსგავსი ფაქტები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას.
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა გუშინ შეუფარდეს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.











