საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან განხორციელდა მისი და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციის ამსახველი სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში მონაწილეობდა თავად მიხეილ რამიშვილი, რა დროსაც მისი მობილური ტელეფონიდან მოხდა მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რაც მითითებული იყო მოსამართლის განჩინებაში და რაიმე სხვა პირადი ხასიათის ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა.
„აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ მომხდარა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს. ასევე აღსანიშნავია, რომ მობილურის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დალუქვა მოხდა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისი თანხმობით“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურის სრული განცხადება იხილეთ ბმულზე.











