პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, სხვაგვარ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული შშმ პირის განთავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
ოჯახის წევრები, ახლობლები და ადგილობრივი მოსახლეობა 32 წლის მამაკაცის განთავისუფლებას მოითხოვენ.
გამოძიება მამაკაცს ამერიკის მოქალაქეზე სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას ედავება.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და მას საკუთარი მოქმედებების გაცნობიერების უნარი არ აქვს.
„ის განვითარების მიხედვით, 4-5 წლის ასაკის ბავშვს უტოლდება და ჩემს გარეშე არაფერი შეუძლია. როგორ მოჰკიდეს ხელი, არ ვიცი. სასამართლოზეც ცუდად გახდა, კრუნჩხვის შეტევა დაემართა. აქ ინვალიდთა სპეციალური სკოლაა და იქ დადის. რამე რომ დაემართოს, არავის ვაპატიებ“, – ამბობს ბრალდებულის დედა, ეთერ ცათიაშვილი.
სოფელ ჯოყოლოს უბნის ექიმი, ქეთევან ფარეულიძე ადასტურებს, რომ ბრალდებულ პირს გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზი აქვს, 5 თვის ასაკიდან ავადმყოფობ და სარეაბილიტაციო კურსს შშმ პირებისთვის განკუთვნილ დღის ცენტრში გადის.
„მას გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზი აქვს. 5 თვის ასაკიდან ავადმყოფობს. მენინგოენცეფალიტი აქვს გადატანილი. ბავშვის დონეზეა განვითარებული. დედის გარეშე დაბანაც არ შეუძლია. რეაბილიტაციას შშმ პირების დღის ცენტრში გადის“, – განაცხადა ფარეულიძემ.
აქციაზე იმყოფებოდა ახმეტის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ვალერი თურქიაშვილი, რომელიც ოჯახს დახმარებას დაპირდა.
შეგახსენებთ, 32 წლის შშმ პირს გამოძიება 2020 წლის 19 სექტემბერს, ბაწარას ხეობაში ამერიკელ ტურისტ ქალზე სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას ედავება.
თელავის რაიონულმა სასმართლომ 23 სექტემბერს დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულის ადვოკატი, ლალი ცაველაშვილი შშმ პირისათვის 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.
საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა უკვე დანიშნულია.
ამავე თემაზე:
პანკისში სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით შშმ პირი დააკავეს











