კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე პროკურატურის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას დაკავების ფაქტს ეხმაურება.
როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კომისიის წევრთა ნაწილის მოღალატეობრივი ქმედების შესახებ მისთვის ცნობილი იყო და ამ საკითხზე არა ერთხელ უსაუბრია.
„ამ ვერსიაზე ვლაპარაკობ უკვე რამდენი წელია და როგორც იქნა, შედეგი დადგა. ჩვენ წლების განმავლობაში დავრბოდით მთელ მსოფლიოში და ვცდილობდით, რომ 1938 წლის რუკა გვეპოვნა მასშტაბით 1 – 200 ათასთან და გაირკვა, რომ ერთ-ერთ მათგანს ჰქონია სამუშაო კაბინეტში. მერე გამოჩნდა ჩხრეკის შედეგად, რომ ეს რუკა ამ ქალბატონსაც ჰქონდა.
წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც 2006-2007 წლებში შეთანხმდა საზღვრის მონაკვეთები კომისიებს შორის, მაშინ მწვავე რეაქცია არ ჰქონდათ იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები იყო ჩამოჭრილი, ეს ხდებოდა გულარხეინობის, ან გააზრებული ქმედების გამო. მე უსიამოვნო ეჭვი მაქვს იმ გამონათქვამების გამო, რომლებსაც წინა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის პირიდან ვისმენდით, მაგალითად, რურუასგან და კალანდაძისგან.
რურუამ თქვა, დავით-გარეჯი აზერბაიჯანის კუთვნილება არისო. კალანდაძემ თქვა, აზერბაიჯანის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც არის საკამათო, აზერბაიჯანის ტერიტორიააო, ეს გარკვეულ ეჭვს აღძრავს. ძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არის დამნაშავე და ვინ – არა“,- განაცხადა არეშიძემ.
ინფორმაციისთვის, ინფორმაციისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.











