ქობულეთის ცენტრალურ ბაზარში პარტია „ლელოს“ წევრები არ შეუშვეს, რასაც „ლელოს“ მხარდამჭერებსა და ბაზრის ადმინისტრაციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებით, ისინი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფლაერების დარიგებასა და ამომრჩეველთან შეხვედრას აპირებდნენ. მათივე თქმით, ეს არის „ქართული ოცნების“ ზეწოლა და ხელშეშლა საარჩევნო კამპანიისთვის.
„ბაზრის ტერიტორია საჯარო სივრცეა და საარჩევნო აგიტაციის უფლება ნებისმიერ პარტიას აქვს. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე, ისინი ამ მეთოდებით ცდილობენ ჩვენთან დაპირისპირებას. მათ ჩვენი ფლაერების დარიგებისაც ეშინიათ და შიშის გამო ყველაფერზე მიდიან. ეს არის დისკრიმინაცია. ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოგვყარეს გარეთ“ – აცხადებენ ლელოს წევრები.
როგორც ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მამუკა ხაზარაძისგან დაზარალებული არიან და შესაბამისად, მისი პარტიის წევრებს არ შეუშვებენ. ამასთანავე, მათივე განცხადებით, ბაზრის ტერიტორია კერძო საკუთრებაა, ბაზრის ხელმძღვანელობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ვის შეუშვებენ კერძო საკუთრებაში, მათი გადასაწყვეტია.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











