„ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც პოლიტიკური მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარება შეუძლია“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო მზად არის დემოკრატიული თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად და შემდგომი განვითარებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ პოზიტიურად უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესს დ ამაში დღეს თითოეული ადამიანის მონაწილეობა არის აუცილებელი. მადლობას ვუხდი მთელ საზოგადოებას, მათი მხარდაჭერით ძალიან ბევრი გაკეთდა ამ წლების განმავლობაში. საქართველო მზად არის დემოკრატიული თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად და შემდგომი განვითარებისთვის.
როგორც ვიცით, ყველა ავტორიტეტული კვლევებით „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 55-60%-მდე იყო, შესაბამისად ჩვენ ველით, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძე.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.











