დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად თბილისის, თელავის, თეთრიწყაროს და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე საკრებულოების შუალედური არჩევნები, ხოლო კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.
იქ, სადაც ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური ან მერების რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ 3 ბიულეტენს, ხოლო აჭარის რეგიონში – 4 ბიულეტენს: ორს საქართველოს პარლამენტის, ხოლო ორს – აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.











