„გარკვეული დაძაბულობის მიუხედავად არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში. დილიდან ამ დრომდე მნიშვნელოვანი ექსესები დაფიქსირებული არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დმანისი-ბოლნისი-წალკა-თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა განაცხადა.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაცით ყველა ოლქში დამაჯერებლად იმარჯვებენ და გარკვეულ პროვოკაციებს ახლაც ელოდებიან.
„წინასწარი შედეგები უკვე გვაქვს რამდენიმე უბნიდან და შეიძლება ითქვას, რომ ბოლნისში საკმაოდ მაღალი შედეგი გვექნება. ველოდებით დათვლის შედეგებს სხვა მუნიციპალიტეტებიდან, თუმცა წინასწარი შედეგებით შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ჩვენ ამ არჩევნებში პირველივე ტურში გავიმარჯვეთ.
დაახლოებით, 55-56%-ს ველოდებით თეთრიწყაროდან და წალკიდან. 50%-ი იქნება შედეგი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით დმანისიდან.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ხმების დათვლის პროცესი. ბუნებრივია ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა ჩვენი მხრიდან და ჩვენი ლიდერების მხრიდან, პირველ რიგში, ემსახურებოდა პრევენციას, რადგან არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ჩვენი ოპონენტები აპირებდნენ ძალადობრივ ქმედებებს. განცხადებების შემდეგ სამართალდამცველმა ორგანოებმა მიიღეს შესაბამისი ზომები და მოხდა ყველა უბნის შესაბამისი რაოდენობის ადამიანებით დაცვა.
ვფიქრობ, ამ ყველაფერმა ძალიან კარგად იმუშავა. ჩვენ ამ ეტაპზეც განვიხილავთ ყველანაირ პროვოკაციას მანამდე, სანამ ოქმები არ იქნება ხელმოწერილი კომისიის ყველა წევრის მიერ და არ იქნება გადაცემული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
როცა ჩვენ ვაცხადებდით, რომ ველოდებით პროვოკაციებს, მათ შორის ვგულისხმობდით იმ ჯგუფებს, რომლებიც არ არიან ჩვენი ოლქების მაცხოვრებლები და მოყვანილი იქნენ გარედან. მათი განცხადებით, ისინი ემსახურებოდნენ ხმების დათვლის მიზანს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ისინი გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებს“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.











