„დემოკრატიულ ჩარჩოებში პროცესის მიმდინარეობა ოპოზიციას არ აწყობს, რომელიც თავის ბელადიანად მოგვიწოდებს, რომ რევოლუციურ სცენარს დავუბრუნდეთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას რევოლუციური სცენარის მეტის გაკეთების უნარი არ აქვთ.
„მე მაეჭვებს, რომ მათ რევოლუციური სცენარის მეტის გაკეთების უნარი არ აქვთ, რადგან თუნდაც ის საარჩევნო პროგრამა, რომელიც თვითონ აქვთ წარმოდგენილი, რომ განახორციელონ, ელემენტარულად იმაზე უნდა იზრუნონ, დემოკრატიულ პროცესებს დაუბრუნდნენ. მოვუწოდებ, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესებს და კარგად მოისმინონ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ისმის ყოველდღიურად“,- განაცხადა მაია ბითძემ.
ცნობისთვის, არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით აქციებს აანონსებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.











