აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
„გაურკვეველ აქციებს გეგმავენ, დღესაც და მომავალშიც გარანტირებული იქნება თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა კანონმდებლობის ჩარჩოში. ამ კონკრეტულ ქუჩის აქციებში მონაწილე ადამიანებს უმორჩილესად ვთხოვ, ეპიდემიოლოგების მოწოდებები დაიცვან, ვინაიდან რეგიონში, ქალაქში გვაქვს მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება.
ყოველდღიურად ვართ ზღვარზე, როგორც ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების, ასევე სიკვდილიანობის ნაწილში. ყველა მოქალაქის გადასაწყვეტია ვინ, რომელ პოლიტიკურ აქციაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ვთხოვ, მაქსიმალურად დაიცვან წესები, არავითარი პრობლემა არ გვაქვს ქუჩის აქციებთან და არც სხვა ნებისმიერ გამოხატვასთან, პატივი ვცეთ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
ამ ყველაფერს პოლიტიკური პარტიები სათავისოდ იყენებენ და ადამიანების სიცოცხლეს როგორც ჩანს, მათთვის დიდი ფასი არ აქვს. ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ქვეყანაში არჩევნები სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, შედეგი დადგა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა მიიღო“, – განმარტა რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, კვირას 15:00 საათზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება და ამით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს გააპროტესტებენ.











