გუბაზ სანიკიძემ გავრცელებულ ჩანაწერზე პირველი კომენტარი ტელეკომპანია „პირველთან“ გააკეთა. მან მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან საუბარი არ უარყო, თუმცა განაცხადა, რომ რა ჩანაწერიც გავრცელდა, დამონტაჟებულია და არ არის ავთენტური.
„მინდა გულწრფელად მივულოცო ჩვენს საზოგადოებას, რომ დაბრუნდა მოსმენები და აღდგა მიყურადება. მაინც ვერ მოითმინა ბიძინამ, მისი საყვარელი საქმე მოსმენაა. ეს მისი გართობაა და ბედნიერების განცდა აქვს მაშინ, როცა ისმენს რაღაცას. რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერს, ისეა საუბარი დამახინჯებული და ფრაგმენტირებული, რომ სიტყვის დასაწყისი არის მეორე სიტყვის ბოლოზე მიბმული.
მე მქონდა ბატონ თემურთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი, რომელიც დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა. ვისაუბრეთ ყველაფერზე, შექმნილ ვითარებაზე. მოვითხოვ, ეს ჩანაწერი მთლიანად გამოაქვეყნე ბიძინა, რომ ჭრი და კერავ და უკრაინიდან აქვეყნებ. გამიხარდება, რომ ქართველმა ხალხმა მოისმინოს. იქ არის ძალიან ბევრ თემაზე საუბარი, სხვათა შორის არისტოტელეზეც და პლატონზეც, როცა „სახელმწიფოს დამხობას“ ვაპირებ. იქ იყო საუბარი მოსაზრებების ურთიერთ გაცვლაზე. ეს მოსაზრებებზე, 2 დღით ადრე სანამ ამ ჩანაწერებს გამოაქვეყნებდნენ ტელეკომპანია „კავკასიაზე“ ვისაუბრე.
სააკაშვილის ბიძას ვესაუბრე, მაგრამ რა ჩანაწერიც გავრცელდა, დამონტაჟებულია, მიჭრილ – მოჭრილია და არ არის ავთენტური. არც გამარჯობა ისმის, არც ნახვამდის. იქ არის ერთი მომენტი, ბოლოში ვამბობ, რომ ულტიმატუმი უნდა წარედგინოს და მონტაჟით გაწყვეტილია აზრი. გაინტერესებთ ულტიმატუმში რა შედის?! საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცვლა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. სადმე ან შევარდნაზე, ან ჯარის შექმნაზე, ან პოლიციის შექმნაზე ან სამთავრობო ბლოკში იერიშის მიტანაზე არის საუბარი?!
როცა მიხეილ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში და კარვების აქცია მოაწყო ოპოზიციამ და ძალიან ბევრი მათგანი დღეს ხელისუფლებაშია, იქ არ იყო ასეთი განცხადებები? მე თვითონ მაქვს ნათქვამი ტელე ეთერში მაშინ. ვინმე მოვიდა და დაგვაპატიმრა? ადამიანებს ქუჩაში მოქმედების თავისუფლება აქვთ და ნაკერებზე, რომ გაიხეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, მაინც ვერ მოახერხებენ ამის ჩახშობას.
ახლა მიდის ასეთი პროცესი, ოპოზიციის გახლეჩვაზეა საუბარი, ერთი ნაწილის მარგინალურ მხარეზე გადაყვანა უნდათ, რომ ესენი არიან ტერორისტები და გადამტრიალებლები. ვაი შენს პატრონს ბიძინა, ვაი შენს სუსს მართლა… აქედან გამომდინარე ოპოზიციის მეორე ნაწილის დაშინება და იძულებაა, რომ იქნებ პარლამენტში შევიდნენ.
ახლა არის პრინციპული საკითხი, საზოგადოებრივი სოლიდარობა და ხვალინდელი მიტინგი. ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილს ეშინია ის რაც ოპოზიციამ გამოაცხადა, ეს არის მარტო დარჩენა პარლამენტში. ხორცები, რომ შევატოვოთ ოპოზიციამ ხელისუფლებას, რომ გამოგვკიდონ საწამებლად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ პარლამენტში შესვლა, იმიტომ, რომ ეს არის დაზიანებული პარლამენტი, ეს არის უკანონო პარლამენტი და არავითარ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს.
ყველაზე დიდი იარაღი რაც ახლა ოპოზიციას აქვს და იმედი მაქვს, რომ გააზრებული არის, შიდა სოლიდარობა და უარის თქმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. “ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, უკრაინული ინტერნეტ გამოცემა obozrevatel-ი თემურ ალასანიას და გუბაზ სანიკიძის სავარაუდო სატელეფონო საუბარს ავრცელებს, სადაც საუბარია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე.











