ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ ისინი შეასრულებენ 8 მარტის შეთანხმებას, ჩვენ მზად ვიქნებით მხარი დავუჭიროთ მეორე და მესამე მოსმენას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი საპარლამენტო განხილვიდან და გამოსვლებიდან ნათელი იყო, რომ არსებობდა ძალიან მაღალი რისკი პროცესები ისევე განვითარებულიყო, როგორც ნოემბერში.
„ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმნისა და პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის. ამავე დროს, ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს მეორე და მესამე მოსმენით ამ კანონპროექტს, თუ ხელისუფლება საკუთარ ვალდებულებას არ შეასრულებს, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას. ამიტომ, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს,“ – განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაუჭირა.









