სასტუმრო „ეიფორიაში“ ექთანზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს დაზარალებული ექთანი ასმათ ვარშალომიძე იხსენებს და აცხადებს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი მას თავს დაესხა წამლების წართმევის მიზნით და არა მოკვლის მიზნით.
როგორც ასმათ ვარშალომიძე აცხადებს, მეტადონის პროგრამაზე მყოფი პაციენტი თვითდაზიანებითა და სასტუმროდან გადახტომით იმუქრებოდა, თუ წამალს არ მისცემდნენ.
„ჩემზე იმიტომ მოხდა თავდასხმა, რომ სმენაში მე ვიყავი, მე ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე. შესაბამისად, ის ითხოვდა წამალს, იმ დოზას, რომელიც მას მიღებული ჰქონდა და ითხოვდა კიდევ, რაც არ ეკუთვნოდა პროგრამით და პრაქტიკულად არც მქონდა მე ეს წამლები. არ დაიჯერა და დამდევდა მუდმივად. რადგან უკნიდან მომეპარა, ჩავთვალე რომ ჩემი მოკვლა უნდოდა. მაგრამ ჩემი მოკვლა კი არა, დაშანტაჟება უნდოდა. თავს მოვიკლავ, სამართებლით ვენებს გადავიჭრიო. მე ეს სამართებელი და გადატეხილი თერმომეტრი წავართვი. თითები დავიზიანე და მაჯა.
სხვა დროს ეს პაციენტი არ იყო აგრესიული, პირიქით, ძალიან მშვიდი იყო ყოველთვის, მაგრამ ბოლო დღეს რატომღაც გახდა აგრესიული და წამალს ითხოვდა დიდი დოზით. თუმცა ჩემი მოკვლა რომ სდომებოდა, ამისთვის წამებია საჭირო და მომკლავდა. დაცვა ძალიან სწრაფად მოვიდა, მაგრამ დაცვა რომ მოვიდა, სამართებელი უკვე წართმეული მქონდა.
დახრჩობას არ ცდილობდა, უბრალოდ ჭიდილის დროს მე ვიხრჩობოდი იმიტომ, რომ მეჭიდავებოდა, წამლების წართმევა უნდოდა, რაღაც მომენტში გონება დავკარგე. ის ცდილობდა წამლების წართმევას, მე ვცდილობდი სამართებელი წამერთმია მისთვის. და მოვახერხე კიდეც. ხელებზე დაზიანებები მივიღე, მაგრამ საბოლოოდ მოვახერხე მისი გადარჩენა. სხვა პაციენტი გამოვიდა და მომეშველა. ამასობაში დაცვაც მოვიდა. და ვეღარ მოახერხა თვითდაზიანების მიყენება, ვერც გადახტომა. დაცვამ შეაკავა. თუმცა უსაფრთხოების მიზნით ბატუტებიც გაიშალა, რადგან იძახოდა გადავხტები, ვენებს გადავიჭრი და ა. შ.“, – აცხადებს ასმათ ვარშალომიძე.
შეგახსენებთ, შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











