ირაკლი კობახიძის განცხადებას, პარლამენტის შეკრებისთანავე უმრავლესობის მხრიდან 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიცირებისა და თუნდაც 1%იანი გადაცდომის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების გამოცხადების შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე გამოეხმაურა.
როგორც დღეს აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნა არ სჭირდება ამ საკითხის გარკვევას, რადგან ყველაფერი უკვე გამოძიებულია საარჩევნო ოქმებით და 1 პროცენტი მხოლოდ დაკარგული ბიულეტენებია.
„ვპასუხობ კობახიძეს და მერე ელისაშვილს, რომ აყვა. თუ ერთ პროცენტს დაგვიდგენთ, რომ ერთი პროცენტით მაინც “ქართული ოცნების” ხმები გაიზარდაო, რიგგარეშე არჩევნებს ჩავატარებთო. ძალიან მარტივად უნდა წარმოგიდგინოთ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების სტატისტიკა.
თავი რომ დავანებოთ 5625 გაბათილებულ ბიულეტენს და ეს არის სამი პროცენტი. უბრალოდ ერთი პროცენტის ძებნა შორს კი არ გვჭირდება, ერთი პროცენტი დაკარგული ბიულეტინია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. 1781 ბიულეტინი უბრალოდ გაქრა. ვინმეს ხომ არ გონია, რომ გაქრა და მერე ვინმემ გამოიძია ან შესწორების ოქმებში ასახეს.
მაგალითისთვის წამოვიღე რამდენიმე ოქმი. ეს არის ბათუმის 112-ე უბნის ოქმი, სადაც ჯამს რომ გავაკეთებთ, ნახავთ, რომ 39 ბიულეტინი უბრალოდ არის გამქრალი. აქ არის ციხის 105-ე უბანი. ციხის უბანზე ადამიანებმა გადაწყვიტეს სამახსოვროდ დაეტოვებინათ ბიულეტინები და 45 ბიულეტინი არის გამქრალი. აქ არის ბათუმის 110-ე სპეცუბანი, კოვიდსპეცუბნები რომ შეიქმნა. ადამიანებს კოვიდი ჰქონდათ, თავისი პრობლემა და მაინც გადაწყვიტეს, რომ სუვენირად დაეტოვებინათ ბიულეტინები.
ხომ ყველა ვხვდებით რომ ეს არის ბლეფი და მეტი არაფერი. არანაირი საგამოძიებო კომისია ამას არ სჭირდება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთ პროცენტზე მეტი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე უბრალოდ არის დაკარგული, ბიულეტინები შემაჯამებელი ოქმების მიხედვით.
და თუ მართლა ისინი მზად არიან ერთი პროცენტის შემთხვევაში დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები, მობრძანდით და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩავატაროთ რიგგარეშე ყოველგვარი ზედმეტი გამოძიებისა და აბსურდის გარეშე. იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე მათი ოქმებით არის გამოძიებული და არანაირი პასუხი ამაზე არ აქვთ”- განაცხადა გიორგი კირთაძემ.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან ე. წ. „თავისუფლების კვარტალში“ ხელახალი არჩებნების ჩატარების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია ერთ თვეზე მეტია 24 საათიან რეჟიმში აქციებს მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











