„რუს ჟურნალისტს მაქსიმ შევჩენკოს დღეის მდგომარეობით ქართულ კანონმდებლობასთან პრობლემა არ აქვს“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მაქსიმ შევჩენკომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 2009 წელს დაარღვია, ექვს წელიწადში კი, ამ კანონდარღვევას ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა.
„ამის შემდეგ შევჩენკო საქართველოში არაერთხელ იყო და რატომღაც დღეს ატყდა ამბავი. ეს ადამიანი საქართველოში ჩამოდის მას შემდეგ, რას მის დარღვევას ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა. ის საქართველოში ბიზნესჯგუფმა მოიწვია, შეავსო ბიზნესაპლიკაცია და გამარტივებული წესით შემოვიდა. ამიტომ ეს შეთქმულების თეორიები ცოტა სასაცილოა”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ მაქსიმ შევჩენკო, რომელიც ბოლო პერიოდში პუტინის რეჟიმის მიმართ ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი, ხოლო საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილია, თავდასხმის ობიექტი გახდა.











