არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არის ძალიან დიდი სიცრუე და იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელიც უკრაინაში, კრიმინალ სააკაშვილთან იყო დაწერილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
კალაძის თქმით, “ქართული ოცნება” მზადაა შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში და გაიხსნას ყველა საარჩევნო უბანი, რათა შედეგები გადამოწმდეს.
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელიც უკრაინაში, კრიმინალ სააკაშვილთან იყო დაწერილი. ეს ამ პროცესის ნაწილია. უნდა მომხდარიყო მიზანმიმართულად ამ ყველაფრის აგორება, ხალხის გამოყვანა, ხალხი უნდა დაემუხტათ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ. ჩვენ რას ვეუბნებით ამ ადამიანებს – შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში, ჩავრთოთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გაიხსნას ყველა უბანი, ვნახოთ ბიულეტენი, იქნებ ვიღაცას მოპარული აქვს ეს არჩევნები. ვაყენებთ პირობას, თუ ერთი პროცენტი მაინც იქნება არასწორი, ჩვენს სასარგებლოდ, მეორე დღესვე გამოვდივართ და ვნიშნავთ ახალ არჩევნებს. ამაზეც არ მოდიან და არ არიან თანახმა. მზად ვართ საარჩევნო უბნების კამერების ჩანაწერებიც გადავცეთ და ნახონ, შეამოწმონ. როდესაც საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე, ვეუბნებით, მოდი, ერთად ვნახოთ, იქნებ ვიღაცამ რაღაცა იმაიმუნა და მართლა „ოცნების“ სასარგებლოდ არის გაყალბებული. გავხსნათ და დავთვალოთ ბიულეტენები, ყველა უბანი ვნახოთ. თუ 1% მაინც არის გადაცდომა გამოვდივართ ინიციატივით, არჩევნები თავიდან ჩავატაროთ“, – განაცხადა კალაძემ











