დღეს ბათუმში ევროპის მოედანზე არსებული შეზღუდვების სრულად გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა, მოიხსნას ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები. სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში და გაიხსნას საბავშვო ბაღები, შესაბამისი რეგულაციების დაცვით, ასევე განახლდეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა; გაიხსნას რესტორნები და კაფეები შესაბამისი რეგულაციების დაცვით ღია და დახურულ სივრცეებში;
„ის, რომ შეზღუდვების ნაწილი იხსნება პირველი თებერვლიდან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პრობლემები და რეგულაციები არ უნდა გავაპროტესტოთ.
ჩვენ ვუერთდებით როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში დაგეგმილ აქციებს და მოვითხოვთ, რომ რეგულაციები მოიხსნას.
ჩვენ არ ვეთანხმებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ვითხოვთ შეზღუდვების სრულ მოხსნას და ქვეყნის გახსნას, რომ ბიზნესმა შეძლოს მუშაობა. რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ კურატიშვილმა.
შეგახსენებთ, აჭარაში პირველი თებერვლიდან არსებული შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











