საქართველოში ქალებს ყველაზე ხშირად სახლში და უმეტესწილად დანით კლავენ. ამის შესახებ ომბუდსმენის ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც 2014-2018 წლებს მოიცავს.
„გაანალიზებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილი უფრო ხშირად არის სახლი, რაც, ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ ფემიციდის, როგორც გენდერული დანაშაულის ხასიათს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის ბევრი საქმე იყო დაკავშირებული ქალის მიერ “საოჯახო როლის” შესრულებასთან თუ ვერ შესრულებათან, რაც უშუალოდ წინ უძღოდა დანაშაულს. როგორც ფემიციდის, ისე ფემიციდის მცდელობის იარაღი, უმეტესწილად იყო დანა. მოძალადეთა უმეტესობა, როგორც მკვლელობის, ისე მკვლელობის მცდელობის ჩადენისას ფხიზელი იყო”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ასევე ნახეთ:
საქართველოში ქალებს ყველაზე ხშირად ქმრები, ყოფილი ქმრები ან პარტნიორები კლავენ – ომბუდსმენი
სახალხო დამცველის მიერ გამოკვლეული მასალების მიხედვით, ქალის მკვლელობისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნა 2018 წელს ჩადენილ სამი ქალის გენდერული მკვლელობის საქმეზე. ფემიციდისათვის ყველაზე მსუბუქი სასჯელი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო და 2017 წელს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა.











