მემორანდუმის ტექსტის მიხედვით, უნდა მოხდეს პირველ მარტამდე კანონის ინიცირება და უნდა დაიწყოს პირველი მოსმენა. და სამივე მოსმენა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„დღეს გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც მოვუსმინეთ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩახედულები არიან საკითხში და იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. უბრალოდ, მუშაობის ფორმატზე შევთანხმდით, რომ პირველ მარტამდე სწრაფად უნდა მოხდეს აზრების გაზიარება, წერილობითი ფორმით გამოგზავნა. შევთანხმდით, რომ 1 კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება, სადაც უფრო მეტად გავცვლით აზრებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
ლევან იოსელიანი, ალეკო ელისაშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.











