აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) ხელმძღვანელი როშელ ვალენსკი ამერიკელებს კორონაცირუსისგან თავის დასაცავად, ორმაგი პირბადეების ტარებას ურჩევს. ამის შესახებ ტელეარხი Fox23 იუწყება.
ვალენსკის თქმით, მისი უწყების მიერ ჩატარებული კვლევით, ორმაგმა პირბადემ ხველის დროს გამოყოფილი ინფექციის 92,5 პროცენტი შეაჩერა, როცა ერთი სამედიცინო ნიღაბი მხოლოდ 42 პროცენტს ბლოკავდა.
ამას გარდა, ორმაგი პირბადე, იმ ადამიანების გარემოცვაშიც კი, რომლებსაც არ უკეთიათ ნიღაბი და ახველებენ, იცავს 83 პროცენტით, იმ დროს, როცა ერთი პირბადე მხოლოდ 66 პროცენტის შეკავებას ახერხებს.
საუკეთესო დაცვა მიიღწევა მაშინ, როცა ორივე მხარეს ორმაგი პირბადე უკეთია. ასეთ შემთხვევაში 96-პროცენტიანი დაცვა ხდება შესაძლებელი.











