პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რატომ არ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატები საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტში ოფიციალური მიმართვა ნიკა მელიას ადვოკატების დასწრებასთან დაკავშირებით არ მიუღიათ.
„კომიტეტს არ აქვს სასამართლოს კომპეტენცია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებს მოუსმინოს. ამასთან, კომიტეტს არანაირი ოფიციალური განცხადება ან მომართვა არ მიგვიღია ვინმეს მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ადვოკატები აპირებენ დასწრებას და მგონი, მოსულიც იყვნენ. ეს ინფორმაცია შემდგომ გახდა ცნობილი, თუმცა ოფიციალური მიმართვა კომიტეტში არ შემოსულა არც გუშინ, რომ ვინმეს სურდა დასწრება. ეს ერთი და მეორე, ჩვენ სასამართლო არ ვართ, რომ დაცვის და ბრალდების მხარეებს მოვუსმინოთ, შემდგომ სიღრმეებში შევიდეთ და საქმის მასალები მოვითხოვოთ. ეს გამოიწვევდა სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრას, რისი კომპეტენციაც და უფლებამოსილებაც კომიტეტს არ გააჩია.
ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი უფლებამოსლება და წინა შემთხვევაშიც, როდესაც ნიკანორ მელიას საკითხი განიხილებოდა კომიტეტების ფარგლებში, მაშინაც არავის დაუსვამს ადვოკატების დასწრების მოთხოვნა. ჩვენ ველოდებით პარლამენტის ყველა წევრს და კარი ღიაა ყველასთვის, ვინაიდან ეს უფლებამოსილება ეკუთვნით პარლამენტის წევრებს, რომ შეამოწმონ წინადადების საფუძვლიანობა. ჩვენ ამისი სრული ბერკეტი გვაქვს და რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ ამას წარმოადგენს გენერალური პროკურორის მიერ, შესაბამისი, სათანადო წარმოდგენილი პირი.
ჩვენ გვაქვს სრული უფლებამოსილება და შესაძლებლობა, რომ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურით ვისარგებლოთ, გავყვეთ ამ პროცედურას და შემდგომ გადავწყვიტოთ, მივცეთ თუ არა შესაძლებლობა, დაცვამ და ბრალდებამ სასამართლოში სამართლებრივად იმსჯელონ. გთავაზობთ, გამოვიყენოთ ეს პროცედურა, რისი უფლებაც გვაქვს და თუ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც შემოგვიერთდებიან, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან, მათაც მიეცემათ სრულად, ყველა შეკითხვის დასმის უფლებამოსილება და თუ ამის მიუხედავად, მივალთ ჩვენ იმ დასკვნამდე, რომ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, რომ წინადადებაზე გადაწყვეტილება მივიღოთ, შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, გვჭირდება ვინმეს ახსნა-განმარტება დამატებით, თუ არა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ამ წუთებში, საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.










