ხელისუფლებისგან იქნება მცდელობა, რომ ნიკა მელია დააპატიმროს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ხედავთ, როგორი ერთიანია ოპოზიცია, საზოგადოება. ამიტომ ვერანაირი ცვლილებები და გადაადგილებები ხელისუფლების შიგნით ვერ მოახდენს გავლენას. დავიცავთ ისე, როგორც ვიცავდით აქამდე. დავიცავთ მას ამ ორი დღის განმავლობაში, შესაბამისად, არ გახდება ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი. გავყვებით სადაც წავა. ჩვენც იქ ვიქნებით, სხვებიც იქ იქნებიან. ჩვენ ერთად გადავწყვეტთ, როგორ მოხდება ნიკას დაცვა. არ მგონია, ხელისუფლებას ეყოს იმის გამბედაობა, წავიდეს ამ უგუნურ ნაბიჯზე, რომელსაც ნიკა მელიას დაპატიმრება ჰქვია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა.
ნიკა მელია უკვე რამდენიმე დღეა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. მისი მხარდამჭრები ამბობენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემენ.
18 თებერვალს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, მელიას საქმის გამო თანამდებობიდან გადადგა. როგორც გახარიამ განმარტა, მისთვის მიუღებელია, რომ ერთი ადამიანის გამო სხვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.











