რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციას გამოეხმაურა. პესკოვი უარყოფს რუსეთის მონაწილეობას ამ ინციდენტში და გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს
„არ გავაკეთებ კომენტარს. ერთს გეტყვით, თუ გახსოვთ თავიდანვე იყო ბრალდებები რუსეთის ხელისუფლების მიმართულებით, ამ ინციდენტზე. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ შემთხვევაში ნებისმიერ ბრალდება აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.
მისივე თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.
გუშინ, 16 ივნისს, კადიროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დავალებებს „ყოველთვის ასრულებენ“. მისივე თქმით, გაბუნიამ მას და მთელს რუსეთს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც „მუხლებზე უნდა დადგეს და ბოდიში მოიხადოს“.











