„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებული გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დადასტურდა, რომ 5-მა პოლიციელმა სასამართლო პროცესზე ცრუ ჩვენება მისცა.
როგორც მან, სხდომის დასრულებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეის მდგომარეობით, სულ 3 მოწმეა დასაკითხი.
„განსაკუთრებით საინტერესო ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომელიც გამოვიკვლიეთ. რამდენიმე დღის წინ, სასამართლოში 5 პოლიციელი დაიკითხა. მათ თქვეს, რომ გიორგი რურუასთან საკანში ყოფნისას არ იცოდნენ, რომ თურმე ციხეში მისი ადვოკატი, (გიორგი რურუასი) გაიოზ ნიჟარაძე იმყოფებოდა.
მაშინ, როდესაც საქმის მასალებში აღმოჩნდა წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც ციხის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ პოლიციელებს შეატყობინეს ადვოკატის ადგილზე ყოფნის შესახებ. ეს მტკიცებულება, რაც მთავარია ბრალდების მხარემ, უდაოდ ცნო, ანუ ბრალდების მხარეც დაეთანხმა ამ პოზიციას.
უტყუარად დადასტურდა 5 პოლიციელის მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემა, სასამართლო პროცესზე. ეს კიდევ ერთი გამოაშკარავება და მორიგი დანაშაულია პოლიციელების მხრიდან, გიორგი რურუას საქმეში.
რაც შეეხება მოწმეებს, ნაწილზე შევთანხმდით უდაობაზე. მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღარ არსებობს საჭიროება მათი დაკითხვის.დღეის მდგომარეობით დარჩენილი გვყავს სამი დასაკითხი მოწმე“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა გიორგი რურუა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.











