წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.
როგორც ბაჩუკი ყურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თემურ ღვინჯილია დუმილის უფლებას იყენებს.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მანქანში აღმოჩენილი დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ღვინჯილიას არ ეკუთვნის და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც სოფელ ფახულანში სამართალდამცავებმა გააჩერეს.
წალენჯიხის საკრებულოს უფროსისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლის დაკავების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმე ეხება ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტს.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8,310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34,000 ლარს აღემატება.











