„აღარ არსებობს ნდობა, ხელისუფლებას აღარაფერი დაეჯერება, რადგან ხალხი ვეღარ გაერკვა, როდის ეუბნებიან მათ სიმართლეს და როდის ცრუობენ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე წერს.
„ასეთი ტურბულენტობა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს კატასტროფაა!
ხელისუფლება დანაშაულებზე ხელის დაფარებას ისე ცდილობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ყველა მათი ჩინოვნიკი რაღაცაშია გასვრილი და ყველაფერის მიჩქმალვას ცდილობენ.
მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ოფიცრებს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, მაგრამ მათი ხმა აღარ ისმის.
ჯერ ერთი, კარიერისტებმა გადაფარეს და მთავარი, ისინი მუშაობენ დავალებებით და არა ობიექტურობისა და სამართლიანობის დასაცავად.
რადგან იმ ადამიანებისთვის, რომლითაც გაივსო „ოცნება“, ძალოვანი სტრუქტურები, ეს ძველი, მოძალადე თანამშრომლები არიან, მათთვის კი, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მათ უკანონობა სისხლში აქვთ გამჯდარი.
შედეგად, ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციის გარდა, ყველა სფეროში უსამართლობის განცდაა. აღარ არსებობს ნდობა, ხელისუფლებას აღარაფერი დაეჯერება, რადგან ხალხი ვეღარ გაერკვა, როდის ეუბნებიან მათ სიმართლეს და როდის ცრუობენ.
მოკლედ, სამართალი დაიკარგა ამ ქვეყანაში და „ოცნება“ ზუსტად იგივე რეჟიმში აღმოჩნდა, რა რეჟიმშიც „ნაცები“ იყვნენ.
ისე, „ოცნების“ ბევრი თავგამოდებული ყოფილი აქტივისტი, თუნდაც ჩემი ოპონენტი, ადრე ყველაფერს რომ აპროტესტებდნენ, ადამიანების უფლებებს რომ იცავდნენ, ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ რამ დაადუმა?! მით უმეტეს როდესაც ამდენი ბურუსით მოცული ტრაგედიის მომსწრეები ვართ…“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.











