„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 12 ოლქში (3 დამხმარე ოლქში), 1100-ზე მეტ უბანში დააკვირდება.
„საია ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს გაუწევს საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.
არჩევნების დღეს საია-ში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.











