„ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ისაუბრა.
მან ტაძარში შეკრებილ მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა.
„დღეს ჩვენ მოხარული და ბედნიერნი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენ მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს მე მგონი, 32-ე შემთხვევაა. 32-33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით. ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსათვის. ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო ეს კორონა, სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი. მინდა დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც გამოიარეს ეს გზა. ესაც საკვირველია, როგორ შესძლო, ამ მცირეწლოვანმა ქალიშვილმა, წმინდა ნინომ გამოევლო ეს შორი გზა, მაგრამ წყალობა ღვთისა გამოვლინდება უძლურებაში და გამოვლინდა კიდეც. წმინდა ნინო გწყალობდეთ თქვენ სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. სიგელები დაურიგდებათ მათ, რომელთაც გამოიარეს ეს გზა“, – განაცხადა პატრიარქმა.











